მარინა ელიოზიშვილი - მხატვარი

მოკლედ ჩემს შესახებ (ოჯახი, ცხოვრება, შემოქმედება)

დავიბადე თბილისში ოჯახში, რომლისთვისაც მთავარი იყო სულიერი ღირებულებანი, ჰუმა-ნიზმი და სიკეთე. მშობლები მეცნიერებისა და ხელოვნების ადამიანები იყვნენ: დედა, ცეცილია კალანდაძე, პროფესორი, ისტორიკოსი, მუშაობდა კულტურულ ურთიერთობათა შესწავლის სფეროში; მამა – ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავი, ექიმი, წიჭიერი მოყვარული მხატვარი, მემუარისტი, მეჯვრისხეველი ერისთავების, თავადთა უძველესი საგვარეულოს შთამომავალი. ბავშვობიდან ინტერესით ვაკვირდებოდი როგორ ხატავდა მამა. ვიზრდებოდი სახლში, სადაც ბევრი სურათი, წიგნი, ძველი ფოტოგრაფია და საოჯახო რელიქვია იყო. ამ ატმოსფეროში ფორმირდებოდა ჩემი გემოვნება და ესთეტიკური აღქმა. პატარაობიდანვე დავიწყე გატაცებით პორტრეტებისა და კომპოზიციების ხატვა. პირველი ნახატი სამი წლისამ დავხატე, ეს ჩემი ძიძას პორტრეტი იყო. ბუნებით მეოცნებე, ბევრს ვკითხულობდი, ვფიქრობდი, ვიყავი მგრძნობიარე და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მხატვარი გავხვდებოდი. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას დავიწყე მეცადინეობა ხატვაში გამოჩენილ ქართველ მხატვარ სერგო ქობულაძესთან. სკოლის დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ვსწავლობდი გრაფიკის განყოფილებაზე. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ 1974 წლიდან გავაგრძელე მეცადინეობა სერგო ქობულაძის სახელოსნოში.
ვმუშაობ ფერწერაში და გრაფიკაში. მაინტერესებს მუშაობა სხვადასხვა ჟაწრში – პორტრეტი, ნატურმორტი, აბსტრაქცია, ფიგურატიული კომპოზიცია და სხვადასხვა ტექნიკაში: ზეთი, გუაში, აკვარელი, პასტელი, ფანქარი. 1977 წლიდან 1978 წლამდე ვმუშაობდი სამხატვრო აკადემიაში. 1986 წლიდან ვარ მხატვართა კავშირის წევრი. 1978 წლიდან დღემდე ვასწავლი სახვით ხელოვნებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი მეუღლე ვლადიმერ ასათიანი – ცნობილი მხატვარი ფერმწერი, პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, აგრეთვე ასწავლის ხელოვნებას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში და წარმოდგენილია მუზეუმის ექსპოზიციაში. ხშირად ვიღებ მონაწილეობას სამხატვრო გამოფენებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. პერიოდულად ვაწყობ პერსონალურ გამოფენებს. ხშირად არ ვარ კმაყოფილი მიღწეულით, ყოველთვის ვიღწვი ახლისადმი. ვფიქრობ, შემოქმედებაში მეტის მიღწევა შემიძლია.
ჩემი სპეციალობის გარდა მაქვს სხვა გატაცებანიც. თავისუფალ დროს ვადგენ ჩემ წინაპართა მოკლე ბიოგრაფიებს. 2010 წელს მამაჩემის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოვამზადე პროექტი–გამოფენა “ერთი ოჯახის კულტურული მემკვიდრეობა”, რომელიც საქართველოს ნაციონალურმა მუზეუმმა წარმოადგინა თბილისის ისტორიის მუზეუმში.
რაც შეეხება ჩვენი ოჯახის შთამომავლებს, რომელიც, როგორც ზევით აღინიშნა ახლოა ხელოვ–ნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან, ჩემი შვილი – ნინო წერეთელი სპეციალობით ხელოვნებათმცოდნეა. ბავშვობიდან ბევრი ჩემი ნამუშევრის – პორტრეტისა და თემატური კომპოზიციის “მუზა” იყო. ამჟამად მუშაობს მეორე სპეციალობით ფინანსთა სფეროში. შვილიშვილები ანი და ნიკა აგრეთვე სწავლობენ ბიზნესს. ვინ იცის, შეიძლება, დროთა განმავლობაში, მათი ბედიც ხელოვნებას 

პერსონალური გამოფენები


1994 — თბილისის ბიზნესკლუბი, თბილისი.
1998 — საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი.
1999 — „თიბისი ბანკის“ ოფისი, თბილისი.
2001 — გაეროს ოფისი, თბილისი.
2005 — გალერეა „უნივერსი“, თბილისი.
2005 — გაეროს ოფისი, თბილისი.
2008 — „მასკი“, თბილისი.
2010 — აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმი.
2022 — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.
ხელოვნების პროექტები:
2013 — სახელოვნებო ვორქშოპი, გუზელბაჰჩე, თურქეთი.
2005 — ლითოგრაფიის შემოდგომის ვორქშოპი; საქართველოს მხატვართა კავშირი, ლითოგრაფიის სახელოსნო, თბილისი, საქართველო.
1994 — ქართული ხელოვნების გამოფენა-აუქციონი, ბიზნესცენტრი, თბილისი, საქართველო.


ჯილდოები

2015 წელს მ. ელიოზიშვილი მონაწილეობდა ნიუ-იორკში (მანჰეტენი), „West Park Art Gallery“-ში გამართულ საერთაშორისო საკონკურსო გამოფენაში — „Arts Innovation“. მხატვართა გაერთიანება „New York Realism Fine Art“-ის ჟიურის გადაწყვეტილებით, მან კონკურსში გაიმარჯვა, დაიკავა პირველი ადგილი და „რეალიზმის“ (Realism) კატეგორიაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მისი ნამუშევრები შესაბამის კატალოგში გამოქვეყნდა.